გერმანული გამოცემის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ შესაძლოა, სუპერლიგა დატოვოს #1TVSPORT
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ შესაძლოა, სუპერლიგა დატოვოს #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის შექმნამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია. ძირითადად ეს გადაწყვეტილება იმ თორმეტი გუნდის გულშემატკივრებს არ მოეწონათ, რომლებიც ამ ტურნირის ორგანიზატორები არიან.

„ლივერპულის“ ფანები, რა თქმა უნდა, ამ უკმაყოფილო გულშემატკივრებს შორის არიან. ორი დღის განმავლობაში „ენფილდის“ გარეთ მერსისაიდელები სხვადასხვა წარწერის მქონე ბანერებს კიდებენ, რომელთა საშუალებითაც ისინი ამ ტურნირის შექმნას და მასში თავიანთი საყვარელი გუნდის გაწევრიანებას აპროტესტებენ.

გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ „ლივერპულმა“, შესაძლოა, ეს ტურნირი დატოვოს, რაც ასეთი გამოხმაურების შემდეგ გასაკვირი საერთოდ არაა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 12-მა გრანდმა რამდენიმე დღის წინ ახალი ტურნირი დააანონსა, რამაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების კრიტიკასთან ერთად, უეფა-ს და ფიფა-ს გაღიზიანებაც გამოიწვია, რომლებიც ამ გუნდებისა და მათი ფეხბურთელების წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციას გეგმავენ.