გერმანული გამოცემა - შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ ჩაირიცხოს #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ ჩაირიცხოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „ფეჰერვარის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ გადავიდეს, – ინფორმაციას გერმანული გამოცემა liga-zwei ავრცელებს.

პარასკევს „პადერბორნთან“ ბოლო წუთებზე წაგების შემდეგ გუნდი სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით დაქვეითდა და გავარდნის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. „კარლსრუეს“ მწვრთნელი კრისტიან ეიხნერი გაძლიერებას იმედოვნებს, კლუბის ყურადღებას კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იწვევს.

„კლუბის მმართველი დირექტორი ოლივერ კრეიზერი ცდილობს, თავდამსხმელი „სატრანსფერო ფანჯრის“ დახურვამდე, ანუ სამშაბათამდე დაიმატოს. საუბარია უნგრული „ფეჰერვარის“ ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის დამატებაზე.

ქართველმა ფეხბურთელმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ექვს მატჩში ექვსი გოლი გაიტანა. პლეი ოფში „კიოლნის“ დაცვასაც პრობლემები შეუქმნა და პირველ მატჩში მოგებულ შეხვედრაში (2:1) გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩი „კიოლნმა“ 3:0 მოიგო. ამის შემდეგ ზივზივაძემ უნგრეთის ლიგაში ათ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. შემოდგომაზე კლუბის გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულო ქცევის გამო მას აღარ უთამაშია და „ფეჰერვარს“კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დატოვებს.

28 წლის ცენტრალური თავდამსხმელის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ უნგრული კლუბი, როგორც ჩანს, მზადაა, დათანხმდეს შეთავაზებას. თუ ეს ტრანსფერი შედგება, „კარლსრუეს“ თავდასხმის ხაზი გაძლიერდება“, – წერს გერმანული გამოცემა.