გერმანიის ნაკრების ექს-მცველი - „დორტმუნდი“ აბსოლუტური ფავორიტია, გაჩნდა „ბაიერნის“ 10-წლიანი ჩემპიონობის შეწყვეტის შანსი #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ექს-მცველი - „დორტმუნდი“ აბსოლუტური ფავორიტია, გაჩნდა „ბაიერნის“ 10-წლიანი ჩემპიონობის შეწყვეტის შანსი #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა იურგენ კოლერმა, რომელსაც კარიერის განმავლობაში „დორტმუნდსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია, ბუნდესლიგის მომავალი გათამაშების ფავორიტად დორტმუნდელთა გუნდი დაასახელა.

„ამ სეზონში აბსოლუტური ფავორიტი „დორტმუნდი“ იქნება და არა „ბაიერნი“. ზიულეს, შლოტერბეკისა და ადეიემის სახით, დორტმუნდელებმა ნაკრების სამი ფეხბურთელი მიიღეს. მეოთხე იქნება დავიდ რაუმი, ხოლო სებასტიან ალერი კარგად იცნობს ბუნდესლიგას.

ამ ტრანსფერების წყალობით, „დორტმუნდის“ შემადგენლობა უფრო ღრმა და ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში. ასეთი ინვესტიციებით გუნდს შეუძლია მოიპოვოს მინიმუმ ერთი ტიტული. გაჩნდა „ბაიერნის“ 10-წლიანი გამარჯვებათა სერიის შეწყვეტის შანსი.

მიუნხენელებს რთული სიტუაცია აქვთ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით და ეს გუნდში ყველას აშფოთებს. მანეს კარგი თვისებები გააჩნია, მაგრამ ის არ არის პოლონელის პირდაპირი შემცვლელი.

ასევე არსებობს პრობლემები დაცვის ცენტრში. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არც პავარი, არც უპამეკანო და არც ერნანდესი არ შეესაბამებიან „ბაიერნის“ დონეს გრძელ დისტანციაზე. ვნახოთ, როგორ დაეხმარებიან გუნდს ახალბედები „აიაქსიდან“. ჯერჯერობით, „ბაიერნის“ ტრანსფერებმა არ დამაკმაყოფილეს. მათ არ ჰყოფნით ხავი მარტინესის მსგავსი მრავალმხრივი მოთამაშე“, – აღნიშნა კოლერმა.