გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია მესუტ ოზილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია მესუტ ოზილის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო რასიზმის არსებობა გერმანულ ფეხბურთში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ფეხბურთელის დასაცავად „ალბათ მეტის გაკეთებაც იყო შესაძლებელი“.
მესუტ ოზილმა, რომელიც წარმოშობით თურქია და ამჟამად ლონდონის „არსენალში“ თამაშობს, გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად მან გერმანულ ფეხბურთში არსებული რასიზმი და უპატივცემულობა დაასახელა. ნახევარმცველი აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მუქარის შემცველი წერილები მიიღო.
„ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ მესუტ ოზილის ნაკრებიდან წასვლის გამო და კატეგორიულად ვუარყოფთ რაიმე სახის კავშირს რასიზმთან“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაქვეყნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის მაისში, მესუტ ოზილი გერმანიის საფეხბურთო წრეებში მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ინგლისის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღო, მოგვიანებით კი, როდესაც გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ოზილს კიდევ უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად.