ზამთრის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა. მეორე წრე მოქმედმა ჩემპიონმა „ბაიერნმა“ გახსნა, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს „დორტმუნდთან“ ექვსქულიანი ჩამორჩენით შეხვდა.
„ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ სტუმრად, მიუნხენელები პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც გორეტცკას ორ გოლში გამოიხატა – „შალკეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერარი პირველად შეასრულა დუბლი გერმანიის ჩემპიონატის მატჩში.
მეორე ტაიმი „ჰოფენჰაიმის“ შეტევებით დაიწყო და მანუელ ნოიერმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ 59-ე წუთზე ნიკო შულცის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, მასპინძლებმა უფრო მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, მატჩის მიწურულს კი ერთი ბურთი რობერტ ლევანდოვსკისგანაც მიიღეს და “ბაიერნმა” 3:1 გაიმარჯვა.
ეს ჩემპიონის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო ბუნდესლიგაში. „ბაიერნმა“ „დორტმუნდთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, თუმცა ლიდერს ამ ტურში თავისი მატჩი წინ აქვს – შაბათს, სტუმრად „ლაიპციგის“ წინააღმდეგ.