გერმანიიდან ნიდერლანდებში - შაკო ოგბაიძე „დენ ბოშში“ ჩაირიცხება #1TVSPORT
გერმანიიდან ნიდერლანდებში - შაკო ოგბაიძე „დენ ბოშში“ ჩაირიცხება #1TVSPORT

შალვა ოგბაიძე კარიერას ნიდერლანდებში გააგრძელებს. 20 წლის თავდამსხმელი მე-2 ლიგის ცნობილ გუნდში, „დენ ბოშში“ მალე ჩაირიცხება – ინფორმაცია სოციალურ ქსელში, მოთამაშის გვერდზე გავრცელდა.

ქართველი თავდამსხმელი ბერლინის „ვიქტორიაში“ თამაშობდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ შაკო ოგბაიძის „დენ ბოშში“ გადასვლის პროცედურა დასკვნით ფაზაშია. ოგბაიძის აგენტმა და ახალმა გუნდმა ორწლიანი კონტრაქტის პირობებიც შეათანხმეს და გერმანულ კლუბთან ფინანსური საკითხებიც.

20 წლის ფეხბურთელმა უკვე მიიღო მონაწილეობა ახალი გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდების პირველი ლიგის როტერდამის „ექსელსიორის“ წინააღმდეგ. ოგბაიძემ სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე და კარგად გამოიყურებოდა.

მატჩი 3:3 დამთავრდა. ქართველმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მალე „დენ ბოში“ ოგბაიძეს ოფიციალურად წარადგენს.

20 წლის შაკო ოგბაიძე გერმანიაში იზრდებოდა. იყო ბერლინის „დინამოს“ და „მაგდებურგის“ მოთამაშე. ბერლინის „ვიქტორიაში“ 2021 წელს გადავიდა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.