გერმანიაში მიხაელ შუმახერზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს - ის შეიცავს იშვიათ კადრებს საოჯახო არქივიდან
ორმა გერმანელმა რეჟისორმა – მიხაელ ვეკმა და ჰანს-ბრუნო კამერტონსმა დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის შესახებ.
გამოცემა PlanetF1-ის ინფორმაციით, ფილმში შესულია იშვიათი კადრები მრბოლელის საოჯახო არქივიდან, რომელიც რეჟისორებს შუმახერის ახლობლებმა გადასცეს. გარდა ამისა, ფილმი შედგება მიხაელის უახლოესი გარემოცვის წევრთა ინტერვიუებისგან, მათ შორის, ცოლთან კორინასთან, ვაჟთან მიკთან და ქალიშვილ ჯინ-მარისთან.
„ფილმში ნაჩვენებია მიხაელის შთამბეჭდავი კარიერა, მაგრამ ასევე რთული ადმიანის ბევრი ასპექტი.
ფორმულა 1-ის დაუნდობელი და თამამი მრბოლელი, ამბიციური სპორტსმენი, გამოცდილი მექანიკოსი უნიკალური ტექნიკური ალღოთი, საიმედო გუნდური მოთამაშე და საყვარელი მეოჯახე“, – განაცხადა შუმახერის ოჯახის წარმომადგენელმა საბინა კემმა.
2013 წლის დეკემბერში, მიხაელ შუმახერმა სამთო თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.