ყოფილი ავსტრალიელი ჩოგბურთელი პიტერ მაკნამარა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი სიმსივნური დაავადება იყო, – წერს სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ (AP).
მაკნამარა „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონი იყო წყვილებს შორის (ავსტრალიის ღია-1979, უიმბლდონი-1980 და 1982). მისი პარტნიორი თანამემამულე პოლ მაკნამი გახლდათ. სულ მას წყვილებში მოპოვებული ჰქონდა 19 ტიტული და კლასიფიკაციაში მესამე ადგილს იკავებდა.
ერთეულებში მაკნამარამ კარიერაში ხუთი ტიტული მოიგო და რეიტინგის მეშვიდე ნომერი იყო. 1986 წელს, ავსტრალიის ნაკრებთან ერთად, ჩოგბურთელმა დევისის თასზე გაიმარჯვა.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, მაკნამარა მწვრთნელად და კომენტატორად მუშაობდა. ის ავარჯიშებდა ავსტრალიელ მარკ ფილიპუსისს და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს.