საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 64:0 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 64:0 დაამარცხა

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურში საქართველო გერმანიას ოფენბახში ესტუმრა და დიდი ანგარიშით – 64:0 მოუგო.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. “ბორჯღალოსნები” უტევდნენ, თუმცა მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ და ქართველი მორაგბეებიც ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ანგარიში მე-10 წუთზე, გიორგი კვესელაძის ლელოთი გაიხსნა. წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ხუთიოდ წუთში ლელო ხმალაძის კარგად შეცურებული ბურთის შემდეგ თოდუამაც მიითვალა. მესამე ლელო 28-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ ხანგრძლივი შეტევის შემდეგ დადო. პირველი ტაიმის შემდეგ – გერმანია 0:19 საქართველო.

მეორე ნახევარში სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ტაიმის პირველი ლელო 49-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ანტონ ფეიქრიშვილმა ძელებს შორის დადო. 59-ე წუთზე, “ბორჯღალოსნებმა” ბურთი მეტოქის ოცდაორ მეტრიან ზონაში, დერეფანში მოიპოვეს, შესანიშნავი მოლი ააგორეს და მიხეილ გაჩეჩილაძემ პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. კვესელაძემ დუბლი 63-ე წუთზე გაიფორმა. ოთია გიორგაძის სოლო რეიდის შემდეგ ლობჟანიძემ მას გადაცემა არ დაუგვიანა, კვესელაძემ კი მეტოქის დაცვის ხაზში შექმნილი ღრიჭო კარგად აითვისა და ლელოს დადება აღარ გასჭირვებია.

შეხვედრის ბოლო ოც წუთში გერმანელებს დაღლა დაეტყოთ და მათი დაცვის ხაზი სრულად მოიშალა. ქართველმა მორაგბეებმა დარჩენილ დროში 4 ლელო დადეს (გიორგაძე 69′, ჟვანია 73′, კვესელაძე 74′, ხმალაძე 80′) და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მომდევნო შეხვედრას “ბორჯღალოსნები” 3 მარტს გამართავენ. ქართველი მორაგბეები ესპანელებს “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” უმასპინძლებენ.