რუმინეთის ნაკრებისა და „ვიიტორულის“ ნახევარმცველი იანის ჰაჯი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს სათამაშოდ, – წერს რუმინული პრესა.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში უკვე შესამჩნევი პროგრესი არსებობს. კატალონელები მზად არიან 20 წლის ფეხბურთელში 7-8 მილიონი ევრო გადაიხადონ.
იანის ჰაჯი – „რეალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის, რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის გეორგე ჰაჯის ვაჟია.
„ვიიტორულის“ რიგებში უმცროსმა ჰაჯიმ 24 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი შეასრულა 92 ოფიციალურ მატჩში. მის ანგარიშზეა ხუთი თამაში რუმინეთის ნაკრებში.