ინდოეთში მიმდინარე პროფესიული ჭიდაობის ლიგაში, გენო პეტრიაშვილმა და მისმა „პანჯაბ როიალსმა“ მორიგი შეხვედრა ჩაატარეს. პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ეს პეტრიაშვილის მეოთხე შეხვედრა და ამდენივე გამარჯვება იყო.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი ფალავანი მეოთხე ტურში, ინდოელ მძიმეწონოსან – ბენივალ ჰიტენდერს დაუპირისპირდა და მარტივად მოუგო. პეტრიაშვილმა საქმე პირველივე პერიოდში მოამთავრა. შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთსა და 50 წამში, როცა პეტრიაშვილი უკვე 10-0 იგებდა (სხვა ტურნირებისგან განსხვავებით, სადაც სუფთა გამარჯვებისთვის 10 ქულიანი უპირატესობაა საკმარისი, აღნიშნულ ტურნირზე შეხვედრა 15-0-ზე წყდება), მეტოქე ბეჭებზე გააკრა და გამარჯვება ვადამდე გაიფორმა.
რაც შეეხება მის კლუბს „პანჯაბ როიალსს“, მათ საბოლოოდ მეტოქე „დელი სულთანსის“ წარმომადგენლებს, შვიდიდან ექვსი შეხვედრა მოუგეს და სატურნირო ცხრილში სამი მოგებითა და ერთი მარცხით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, რითაც პლეიოფში მოხვედრა პრაქტიკულად გაინაღდეს.
ბოლო ტურში გენოს „პანჯაბ როიალსი“ მეოთხეადგილოსან „მუმბაის“ 22 იანვარს შეხვდება. მანამდე კი იმავე „მუმბაისთან“ მეოთხე ტურის შეხვედრას ლადო ხინჩეგაშვილი და მისი „ჰარიანა ჰამერსი“ 20 იანვარს გამართავენ.
ამასთან, პროფესიული ჭიდაობის ლიგა ინდივიდუალურ სტატისტიკის მიხედვით ხუთ საუკეთესო სპორტსმენსაც ავლენს, სადაც ამ ეტაპზე ოთხიდან ოთხი მოგებით პირველ მეორე ადგილებს გენო პეტრიაშვილი და აზერბაიჯანელი ასლან არბოლოვი იყოფენ.