გენიალური ჯეიმს ჰარდენი! 57 ქულა და მორიგი რეკორდი (ვიდეო)

ჯეიმს ჰარდენი MVP-ის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში საგრძნობი უპირატესობით დაწინაურდა. „ჰიუსტონ როკეთსის“ სუპერვარსკვლავმა დაუჯერებელი სერია არც ამჯერად შეწყვიტა და „მემფისთან“ მოგებულ მატჩში (112-94) 57 ქულა ჩააგდო.

მატჩის პირველ ნახევარში ჰარდენის ანგარიშზე 36 ქულა იყო, რაც აქამდე „ჰიუსტონის“ ისტორიაში არც ერთ სხვა კალათბურთელს არ გაუკეთებია. 29 წლის ჰარდენმა უკვე ზედიზედ 17 შეხვედრაში მოახერხა 30-ზე მეტი ქულის დაგროვება და ამ მაჩვენებლით კობი ბრაიანტს გადაასწრო. ამასთან ერთად, უნდა ითქვას, რომ ეს მიმდინარე სეზონში მესამე თამაში იყო ჰარდენისთვის, რომელშიც 50-ზე მეტი ქულა დააგროვა. კარიერაში კი ასეთი 12 მატჩი აქვს გამართული. ამ მაჩვენებლით ის ლებრონ ჯეიმსს დაეწია. 50-ზე მეტი ქულა უფრო ხშირად მხოლოდ უილტ ჩემბერლენს, მაიკლ ჯორდანს, კობი ბრაიანტს, ელჯინ ბეილორსა და რიკ ბერის აქვთ ჩაგდებული.

ბრუკლინი – ბოსტონი 109-102
ჰიუსტონი – მემფისი 112-94
სან ანტონიო – შარლოტი 93-108
იუტა – დეტროიტი 100-94
საკრამენტო – პორტლენდი 115-107
კლიპერსი – ნიუ ორლეანი 117-121