გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფრანგული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფრანგული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 აშშ დოლარი, მოტყუებით გადმოარიცხინეს გ.ჯ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე საქართველოში.

თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, ნ.ხ-მ და გ.ჯ-მ გაიტანეს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან, რაც წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი – 420 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება.

ნ.ხ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისთვის.