ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ზენიტი“ 20 წლის ქართველს უნდა დააკვირდეს.
„ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია გამოსარჩევია. მასმოსკოვის „ლოკომოტივში“ უთამაშია. ამ დროს სად იყვნენ პეტერბურგის „ზენიტის“ სელექციონერები? რატომ არ მიიწვიეს და საერთოდ, როგორ მუშაობენ?“ – ეს რიტორიკული კითხვა ორლოვმა „ეხო მოსკოვის“ ეთერში დასვა.
ახლა მთავარზე – კომენტატორი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია „ზენიტში“ გადასვლაზე თანახმა იქნება:
„ხვიჩა კვარაცხელია „ზენიტში“ სათამაშოდ ახლაც მზადაა. მაგრამ აქ სატრანსფერო ფასის საკითხი დგას. პეტერბურგელები ჩემპიონთა ლიგისთვის ასეთი მოთამაშეებით უნდა დაკომპლექტდნენ.“
ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში რუსეთის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი „ზენიტი“ 2:1 დაამარცხა. მართალია, კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ პეტერბურგელთა დაცვას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ გამოცემა „ტუტომერკატოს“ ცნობით, 28 მარტს, თბილისში საქართველო-ესპანეთის მატჩს „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სელეციონერები ხვიჩა კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად დაესწრებიან. ასევე ქართველზე სატრანსფერო გეგმები დორტმუნდის „ბორუსიას“ აქვს.