გემით საყვარელი გუნდის საქომაგოდ - ბათუმელი გულშემატკივრები სიახლეებს ამკვიდრებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმელი გულშემატკივრები ორიგინალობით რომ გამოირჩევიან, არახალია, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ის, რაც ბათუმელმა ფანებმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაზე გააკეთეს.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება ფოთის „ფაზისზე“ გამართული მატჩით განახლდა. ქობულეთში სტადიონის რეაბილიტაციის გამო აჭარულ დერბის, ე,წ, „დელა მანდარინას“ სტადიონმა უმასპინძლა – ქობულეთის „შუქურამ“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო შეხვედრაზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია, ბათუმელი გულშემატკივრები „შავი ზღვის მეკობრეები“ „შუქურასთან“ მატჩისთვის ფოთში გემით გაემგზავრნენ. მსგავსი რამ ქართულ „ფან-ისტორიაში“ პირველად მოხდა.
ბუნებრივია, ბათუმელები თამაშზე არ დაუშვეს, მაგრამ ისინი სტადიონის გარე ტერიტორიიდან გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს, რომელმაც იმედები გაუმართლა – ბათუმის „დინამომ“ შეხვედრა 0:2 მოიგო, 63 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონატის ფინიშამდე 7 ტურით ადრე ოქროს მედლების მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.