ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ოქროს მედლის მფლობელი 82 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუმინელი ოიოგსი დაამარცხა.
3:3 დასრულებულ შეხვედრაში, ბოლქვაძემ გამარჯვება საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე აღებული ორქულიანით მოიპოვა და რუმინეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი, მიმდინარე ტურნირზე მესამედ გააჟღერა.
დღესვე, რამაზ ზოიძემ კარიერაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ მოპოვება ვერ შეძლო, ფინალში ის მხოლოდ ერთი გაფრთხილებით, თურქ ჩენგიზ არსლანთან დამარცხდა.
დღესვე 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს 3-1 სძლია.