გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა.
გია გეგუჩაძის საკითხი იმიტომ არის აქტუალური, რომ გამოცდილ სპეციალისტს კონტრაქტი უმთავრდებოდა – დავინტერესდით, კლუბი თანამშრომლობის გაგრძელებას თუ აპირებდა.
„გია გეგუჩაძესთან ხელშეკრულება უკვე გავახანგრძლივეთ – 2 წლით. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გულშემატკივრების მხრიდან იყო პრეტენზიები. ჩვენ ყველაზე მეტად დაგვწყდა გული, რომ ჩემპიონობა დავკარგეთ, მაგრამ გიას დონის მწვრთნელის ნახვა იოლი არ არის. მას ვენდობით და გვჯერა, რომ გასული წლის შეცდომებს გამოვასწორებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
გია გეგუჩაძე სხვადასხვა პერიოდში წვრთნიდა რუსთავის „გორდას“, თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, „ზესტაფონს“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს.
გეგუჩაძე 2018 წლის იანვრიდან ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელია. 57 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა – ბათუმის „დინამო“ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი (2021), სამჯერ ვიცე-ჩემპიონი (2019, 2020, 2022) და საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2022).