გეგუჩაძე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელია - მისი გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. ელიგის ვებგვერდის შეფასებით, საუკეთესო ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეა.
მეორე წრეში ბათუმის „დინამომ“ ცხრა მატჩი ჩაატარა – მათგან ექვსი მატჩი მოიგო, ერთი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. სულ გუნდმა 20 ქულა დააგროვა, ხოლო ბურთების შეფარდება 22:5-ზეა. ანუ, საშუალოდ გუნდს გაჰქონდა 2,4 გოლი და უშვებდა 0,55 გოლს.
18 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი 38 ქულით პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს „დინამო თბილისს“, მაგრამ პირადი მონაცემებით ბათუმელები პირველ ადგილზე არიან. ეს გუნდები წელს ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე ბათუმელებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს – 1:0.
ერთადერთი კლუბი თბილისის „ლოკომოტივია“, რომელმაც გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი მეორე წრეში დაამარცხა. 23 მაისს, მე-15 ტურში, გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა „დინამოს“ საგურამოს „ლოკო – არენაზე“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.