გეგეჭკორმა ოპერაცია გაიკეთა - ჩემპიონები იმედოვნებენ, რომ მცველი გუნდს მალე დაეხმარება #1TVSPORT
გეგეჭკორმა ოპერაცია გაიკეთა - ჩემპიონები იმედოვნებენ, რომ მცველი გუნდს მალე დაეხმარება #1TVSPORT

ლევან გეგეჭკორმა კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა. ბათუმის „დინამოს“ მცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, სეზონი გაუცდა და გუნდს საჩემპიონო სეზონში ვერ დაეხმარა.

ყველაფერი 2020 წლის 15 ივლისს დაიწყო, როდესაც ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა ფოთის „კოლხეთთან“ და მარჯვენა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო. ლევან გეგეჭკორს იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდა, რომ მატჩი შეწყდა და ფეხბურთელი თამაშის 75-ე წუთზე სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გეგეჭკორს მცირე წვივის მოტეხილობა და იოგების დაზიანება დაუდგინდა. მალე თურქეთში ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, მოედანს წელს, თებერვალში, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მან ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ფეხის ტკივილმა ისევ შეაწუხა.

აღმოჩნდა, რომ გეგეჭკორი ხელახლა საოპერაციო იყო. ბათუმის „დინამო“ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ მოთამაშეს გვერდში დაუდგა, კონტრაქტი არ გაუწყვიტა და უმკურნალა – კლუბში იმედოვნებენ, რომ ლევან გეგეჭკორი მოედანს მალე დაუბრუნდება და ახალი სეზონისთვის გუნდს დაეხმარება.

ლევან გეგეჭკორი მარტვილის „მერანის“ აღზრდილია და კარიერა ამ გუნდში (2012–2015) დაიწყო. შემდეგ იყო ქობულეთის „შუქურა“ (2015–2016), ბათუმის „დინამო“ (2016), საჩხერეს „ჩიხურა“ (2017), „დინამო თბილისი“ (2017), „რუსთავი“ (2018), ქუთაისის „ტორპედო“ (2018–2019), ბათუმის „დინამოში“ კი მოერედ 2019 წელს ჩაირიცხა.

27 წლის ფეხბურთელი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე იყო, ხოლო 2013 წელს გია ცეცაძის ფორმაციის 19-წლამდელთან ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. 2017 წელს ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ გუნდშიც მიიწვია, რომლის ფორმითაც ერთი მატჩი ჩაატარა.