ლევან გეგეჭკორისთვის სეზონი დასრულდა – ბათუმის „დინამოს“ მცველი ფოთის „კოლხეთთან“ ამხანაგური შეხვედრის დროს დაშავდა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
სამწუხაროდ, გაირკვა, 26 წლის მარჯვენა მცველის ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა და ლევანი გუნდს ვერც ევროპის ლიგის გათამაშებაში დაეხმარება.
საქმე ისაა, რომ ლევან გეგეჭკორს მცირე წვივის მოტეხილობა აქვს, იოგებიც დაუწყდა და ოპერაციას გაიკეთებს. ფეხბურთელი უკვე თურქეთში გაემგზავრა და 4-5 თვე სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის, ანუ იმ დროისთვის მომჯობინდება, როდესაც საქართველოში სეზონი დასრულებული იქნება.
ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასული ლევან გეგეჭკორი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.