გეგა წულაია - ჰოსპიტალიტეტის ტურნირზე დავინახეთ, რომ „ბასკონიას“ ესპანეთის ასაკობრივ ჩემპიონატშიც მაღალი შედეგის ჩვენება შეუძლია #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბ „ჰიუნდაის“ აღზრდილმა გეგა წულაიამ ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იუნიორთა ტურნირზე, ჰოსპიტალიტეტის თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა. გეგა საკალათბურთო კლუბ „ბასკონიაში“ თამაშობს, რომელსაც ყოველ წელს ძლიერი ახალგაზრდული გუნდები ჰყავს. ბასკებმა ამჯერადაც წარმატებულად გაიარეს ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ.

გეგა წულაიას ესპანეთში დავუკავშირდით და ვესაუბრეთ როგორც განვლილ ტურნირზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე.

„ჰოსპიტალიტეტის ტურნირი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მართალია, საბოლოოდ ფინალში ვერ გავედით, მაგრამ დავინახეთ, რა შეგვიძლია. მაგალითად, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „ბარსელონასთან“ მთელი თამაშის განმავლობაში ვიგებდით, მხოლოდ ბოლო წამებზე დავმარცხდით. ურიგოდ არ მითამაშია, თუმცა მეტი შემიძლია.“

წულაია ბასკეთში დიდი ხანია, ვარჯიშობს:

„ხუთი წლის წინ თბილისში ჩატარდა „ბასკონიას“ კემპი, სადაც რამდენიმე ქართველთან ერთად ვიტორიაში, „ბასკონიაში“ საზაფხულო ბანაკში მიმიწვიეს. მას მერე ამ კლუბში ვთამაშობ და ვცდილობ, ყოველწლიურად მოვუმატო“.

გეგა ამჟამად 18 წლისაა. ეს ის ასაკია, ბავშვთა კალათბურთიდან პროფესიონალებში რომ გადადიან. იგი საამისოდ მზადაა:

„თბილისში, „ჰიუნდაიშიც“ სათანადოდ ვემზადებოდი და ახლაც ყველაფერს ვაკეთებ, რომ დიდი კალათბურთი ვითამაშო. დღეში სამი ვარჯიში მაქვს: ინდივიდუალური, გუნდთან ერთად და ფიზმომზადება“.

გეგა პლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშობს, გუნდთან ერთად კი ესპანეთის რეგიონულ ჩემპიონატში ასპარეზობს.

„ბასკეთის რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. პირველი წრე მალე დასრულდება და თუ ასე განვაგრძობთ, რეგიონის ჩემპიონატს მოვიგებთ. ამ შეჯიბრების სამი საუკეთესო გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, სადაც სხვა რეგიონების გამორჩეული გუნდები ითამაშებენ. „ბასკონია“ ახალგაზრდულ ტურნირებზე ყოველ სეზონში წარმატებით ასპარეზობს და ვიმედოვნებთ, რომ ამ წელსაც კარგ შედეგს ვაჩვენებთ“.