Gazzetta dello Sport-ი - სპალეტი „ვერონასთან“ კვარაცხელიას დაასვენებს #1TVSPORT
ხვალ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში „ვერონასთან“ ითამაშებს. ლუჩანო სპალეტის მოუწევს არჩევანის გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ მის გუნდს სამშაბათს „მილანის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი ელის და, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას დაასვენებს, – ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
„მილანთან“ პირველ მატჩში „ნაპოლი“ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა და 0:1 დამარცხდა. სამშაბათს სპალეტის განკარგულებაში არ იქნებიან არც ანგისა და არც კიმი, რომლებიც დისკვალიფიცირებულები არიან.
დიდი ალბათობით, „ვერონასთან“ კვარაცხელია დაისვენებს, რასპადორი შეტევაში იქნება, ოსიმენი შეცვლაზე შევა, რათა შემდეგ სრული ძალით დაბრუნდეს სამშაბათს „მილანის“ წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში და „ნაპოლის“ მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაეხმაროს.
სპალეტი მხოლოდ დღეს გადაწყვეტს, ვინ დაისვენებს, რათა სამშაბათის მატჩს ძალააღდგენილი შეხვდეს. „ვერონასთან“ დაცვაში ვიხილავთ ჟუან ჟესუსს, რომელიც კორეელს ჩემპიონთა ლიგაზე შეცვლის. ცენტრალური თავდამსხმელი კი რასპადორი იქნება, რომელსაც ფორმაში შესასვლელად სათამაშო დრო სჭირდება.
კვარაცხელიასთვის დასვენება მისაღები იქნება, მაგრამ ეს ყველაზე მეტად კაპიტან დი ლორენცოსა და ლობოტკას სჭირდებათ. ხვალ ვნახავთ, შეძლებს თუ არა სპალეტი ოპტიმალური ვარიანტის მოძებნას იმის გათვალისწინებით, რომ დიდი არჩევანი არ აქვს“, – წერს Gazzetta dello Sport-ი.