გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, კვარაცხელია საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, გოჩოლეიშვილი - საუკეთესო დებიუტანტი #1TVSPORT
გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, კვარაცხელია საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, გოჩოლეიშვილი - საუკეთესო დებიუტანტი #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია – ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

„სარბიელის“ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წელს აღდგა. წლევანდელ გამოკითხვაში 85 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მათ დაასახელეს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და დებიუტანტი.

წინა წლებისგან განსხვავებით, წლეულს სიახლეა – სეზონის საუკეთესო ფეხბურთელსა და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „სარბიელი“ ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით ვეტერან ქართველ ფეხბურთელს დააჯილდოებს, რომელიც გაზეთის რედაქციამ შეარჩია.

კვარაცხელიამ რეკორდიც დაამყარა. 85 ჟურნალისტიდან 22 წლის თავდამსხმელი მე-2 ნომრად მხოლოდ ერთმა დაასახელა, ყველა სხვამ მას პირველი ადგილი მიაკუთვნა. ხვიჩამ ქულათა პროცენტული რაოდენობით 2002-2003 წლების სეზონის შედეგი გააუმჯობესა, როდესაც საუკეთესოდ კახა კალაძე აღიარეს.

კვარაცხელია 85-იდან 84 ჟურნალისტის რჩეული გამოდგა, კალაძე 45-იდან 42-მა დაასახელა. ანუ კალაძემ 93.3% მიიღო, ხოლო კვარაცხელიამ – 98.8 %.

საქართველოს ნაკრებისა და იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ შემტევმა 254 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გავიდა (130 ქულა), ხოლო მესამეზე – „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი (102).

ხვიჩამ „სარბიელის“ პრიზი მეორედ მიიღო. პირველად გამოკითხვაში საუკეთესოდ 2020-2021 წლების სეზონის შედეგების მიხედვით დაასახელეს.

მას „სარბიელი“ მოქანდაკეების, ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის მიერ დამზადებულ ახალ, ექსკლუზიურ პრიზს (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან „პირველი მერცხალი“) უახლოეს მომავალში, საზეიმო ვითარებაში გადასცემს.

ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი 82-მა ჟურნალისტმა დაასახელა და აქაც უდიდესი უპირატესობით საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ განაპირა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიმარჯვა – მან 76 ხმა მიიღო. მეორე-მესამე ადგილები 2-2 ქულით ლუკა გაგნიძემ და გაბრიელ სიგუამ გადაინაწილეს. გოჩოლეიშვილსაც ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა“) უახლოეს მომავალში გადაეცემა.