გავრცელებული ინფორმაციით, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა #1TVSPORT
გავრცელებული ინფორმაციით, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკება დაასრულა და უახლოეს პერიოდში კონსტანტინე (კოტე) მარადიშვილს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

ერთი კვირის წინ RB Sport-იც გვაუწყებდა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველმა, კონსტანტინე (კოტე) მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა და მალე „ჯვაროსნების“ ფორმით ითამაშებდა.

Geo Team-ის ცნობით, „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ქართულ პასპორტს დაჩქარებული წესით მიიღებს და, სავარაუდოდ, ვილი სანიოლი მას ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მიიწვევს.

23 წლის საყრდენ ნახევარმცველს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ ეროვნულ გუნდში მიწვევა არასდროს მიუღია. შესაბამისად, მას საქართველოს ნაკრებში უპრობლემოდ შეუძლია თამაში.

მარადიშვილის სატრანსფერო ფასი ამჟამად ორი მილიონი ევროა. უკრაინაში ომის დაწყებამდე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევრო იყო, თუმცა მეზობელ ქვეყანაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასი საგრძნობლად დაეცა.

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 17 ივნისს ლარნაკაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 20 ივნისს გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება.