გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ლტოლვილებს - „უიპეშტის“ გულშემატკივრებს უკრაინელთა დახმარებისკენ ქართველმა ფეხბურთელებმა მოუწოდეს #1TVSPORT
გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ლტოლვილებს - „უიპეშტის“ გულშემატკივრებს უკრაინელთა დახმარებისკენ ქართველმა ფეხბურთელებმა მოუწოდეს #1TVSPORT

უნგრულმა საფეხბურთო კლუბმა „უიპეშტმა“ უკრაინიდან რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი მოსახლეობის თანადგომა დაგადაწყვიტა და ამ მიზნით გულშემატკივრებს დახმარებისკენ მოუწოდა. საინტერესოა, რომ ქომაგებს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს გუნდის ორმა ფეხბურთელმა და ორივე ქართველია – გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე.

„ომის დაწყებიდან უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე მუდმივად ჩამოდიან ლტოლვილები. საფეხბურთო კლუბი „უიპეშტი“ და კლუბის თანამშრომლები გულშემატკივრებს იწვევენ, რათა უკრაინელებს ერთობლივად დავეხმაროთ. 2022 წლის 27 თებერვლიდან ჩვენ გავხსენით თანხების შეგროვების პუნქტები, რომლებიც ფერენც შუშას სტადიონზე მდებარეობს. შეგიძლიათ შემოწირულობა ბილეთების გაცვლის პუნქტში ჩააბაროთ. შეგროვებული შემოწირულობები უკრაინელ ლტოლვილებს მიეწოდება ჩვენი ლოჯისტიკური პარტნიორის დახმარებით“, – წერია კლუბის განცხადებაში.

კლუბი უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა სახის პროდუქციას გადასცემს – მშრალ და მზა საკვებს, ხილის წვენებს, მინერალური წყალს, ბავშვთა და მოზრდილთა ტანსაცმელს, თერმოსს, ჰიგიენის საშუალებებს, ბავშვის მოვლის საშუალებებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში ბევრი ორგანიზაცია ეძებს მოხალისეებს ფონდების მოზიდვის ორგანიზებისთვის. ისინი ასევე სთავაზობენ საკვებს, მატერიალურ შეთავაზებებს, ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს. უნგრეთის მრავალი ქალაქი, უნივერსიტეტი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, ეკლესია და მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინიდან ჩამოსულებს ეხმარება.

„ჩვენც დაგეხმარებით! ვაჩვენოთ რა არის „უიპეშტის“ ოჯახი, რადგან ერთად შეგვიძლია მთების გადადგმა“, – წერია კლუბის განცხადებაში.