იტალიაში გაიმართა პრესტიჟული პრიზის, „ოქროს სკამის“ (Panchina d’Oro) დაჯილდოვების ცერემონია, რომლის დროსაც გამოვლინდა 2018-19 წლების სეზონში იტალიის საუკეთესო მწვრთნელი.
ხმის მიცემაში გაიმარჯვა „ატალანტას“ დამრიგებელმა ჯან პიერო გასპერინიმ. 62 წლის სპეციალისტმა თავის კარიერაში პირველად მოიგო ეს პრიზი.
მეორე ადგილი დაიკავა „ბოლონიას“ დამრიგებელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, სამეულში მოხვდა „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი.
2018-19 წლების სეზონში, გასპერინიმ „ატალანტასთან“ ერთად მესამე ადგილი დაიკავა იტალიის ჩემპიონატში და ბერგამოულმა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება. ამ ტურნირზე „ატალანტა“ მერვედფინალშია გასული და იქ „ვალენსიას“ შეხვდება.
გარდა ამისა, „ატალანტამ” იტალიის თასის ფინალამდე მიაღწია, სადაც „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.