გაშვებული გოლის გამო გაბრაზებულმა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ტრიბუნა დატოვა - რუდი გარსიას სავარაუდო შემცვლელები ცნობილია #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა „სტადიო მარადონაზე“ „ემპოლისთან“ შეხვედრისას, სტუმართა გოლის შემდეგ აღშფოთება არ დამალა და ტრიბუნა დატოვა, – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.
„ნეაპოლელებმა კატასტროფა განიცადეს „ემპოლისთან“ „სტადიო მარადონაზე“ – კოვალენკომ 91-ე წუთზე თამაშის ბედი გადაწყვიტა და „ნაპოლის“ მწვრთნელის, რუდი გარსიას მომავალი საეჭვო გახადა.
ფრანგმა მწვრთნელმა კვარაცხელია და ზელინსკი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო და ისინი მხოლოდ მეორე ტაიმში შეიყვანა. ბერიშამ „ემპოლის“ კარი რამდენიმე შესანიშნავი სეივით ხელუხლებლად შეინახა. ნეაპოლელები საშინაო შეხვედრებში რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ, რადგან საკუთარ ქალაქში ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგეს.
კოვალენკოს მიერ გატანილი გოლის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ტრიბუნის დატოვება გადაწყვიტა, ისე რომ გარსიასთან და ფეხბურთელებთან შეხვედრა არ ისურვა.
ახლა კლუბის მფლობელის მხრიდან მკვეთრი გადაწყვეტილებები გამორიცხული არ არის. დიდი ხნის ნანატრი შემობრუნება არ დადგა. გუნდებს ხანგრძლივი პაუზა ექნებათ. ამასობაში კლუბმა პრესასთან ურთიერთობის დაპაუზება გადაწყვიტა“, – წერს „არეა ნაპოლი“.
SKY-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო რუდი გარსიას შემცვლელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„დე ლაურენტისის უკმაყოფილება ერთი კვირის განმავლობაში შესამჩნევი იყო და ეს დამოკიდებულება „ემპოლისთან“ წაგებამ გაამძაფრა. პრეზიდენტმა სტადიონი გოლის შემდეგ დატოვა. თუ გარსიას გაუშვებს, მის ადგილს ვინ დაიკავებს? შესაძლოა, ანტონიო კონტე კვლავ აქტიური გახდეს. დე ლაურენტისს ხელს არაფერი უშლის, რომ მას ხელახლა დაელაპარაკოს, მით უმეტეს, როცა „ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა ახლახან ნათლად თქვა, რომ მუშაობის დაწყება სურდა. ასევე განიხილება იგორ ტუდორის, ვალტერ მაცარისა და ფაბიო კანავაროს კანდიდატურები“, – იუწყება SKY-ის ჟურნალისტი.