გასაკვირია, „გენტმა“ ასეთი ფეხბურთელი რომ გამოუშვა - „სლოვანის“ გულშემატკივრები ჩაკვეტაძის გამოსყიდვას ითხოვენ #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისმა უდიდესი წარმატება უწოდა ბრატისლავის „სლოვანის“ გამოსვლას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – მისი გუნდი ევროტურნირის პლეიოფს 53 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. გუნდის ტრიუმფი ხუთშაბათს კონფერენს ლიგის მატჩში ვილნიუსში, „ჟალგირისთან“ მოგებამ (2:1) განაპირობა და როგორც H ჯგუფის გამარჯვებული, პირდაპირ 1/8 ფინალში გავიდა.
ამ წარმატებაში უდიდესი როლი გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელმაც პირველი ორი საგოლე შეტევა განავითარა, მატჩის ბოლოს კი პენალტი მოიპოვა და მართალია, ვერ გაიტანა, მაგრამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ კონდიციები დაიბრუნა და საუკეთესო ფორმა აღიდგინა.
ამაზე მიუთითებს სლოვაკური გამოცემა sport.aktuality-ში გამოქვეყნებული კომენტარები, სადაც გულშემატკივრებს გამოცემამ საკუთარი შეხედულებების გაზიარება სთხოვა – ქართველი ნახევარმცველის თამაშს სლოვაკები მხოლოდ დადებითად აფასებენ.
„ბელგიის ლიგის რამდენიმე მატჩი ვნახე და „სლოვანი“ იქ კარგად ითამაშებდა, ჩაკვეტაძე მაღალი დონის მოთამაშეა. „სლოვანში“ ნამდვილად არ წამოვიდოდა იჯარით, რომ არა ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია. იგი სლოვაკეთში სათამაშოდ და ფორმის აღსადგენად ჩამოვიდა“.
„ვულოცავ ვაისს და „სლოვანს“ – ჩაკვეტაძე საკვანძო მოთამაშეა, მიკვირს, რომ „გენტმა“ ასეთი კარგი ფეხბურთელი გამოუშვა. ტრანსფერზე დიდი თანხა დაგვჭირდება, მაგრამ „სლოვანმა“ უმაღლესი ხარისხის მოთამაშე უნდა შეიძინოს“.