გარეთ საუთგეიტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ახალ კონტრაქტს ნებისმიერ შემთხვევაში შესთავაზებს #1TVSPORT
იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო „ბაზრის“ ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს ახალ კონტრაქტს ნებისმიერ შემთხვევაში შესთავაზებს.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისელი სპეციალისტი „სამი ლომის“ ხელმძღვანელი 2026 წლის ბოლომდე იქნება და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც გუნდს სწორედ ის გაუძღვება, თუმცა, საუთგეიტის ბოლო განცხადებით, თუ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებს, თანამდებობას დატოვებს.
ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის მოგებისთვის ზედიზედ მეორედ იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის მეტოქე ესპანეთი იქნება.
გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს სათავეში 2016 წელს ჩაუდგა. მასთან ერთად გუნდმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშიც ითამაშა, ხოლო ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხდა.