გარეთ საუთგეიტი - ორმა გოლმა გამაწბილა, მაგრამ ირანთან გამარჯვებით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ირანი 6:2 დაამარცხა. შედეგით კმაყოფილი დარჩა მათი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ორმა გაშვებულმა გოლმა გააწბილა.
„ასეთმა დასასრულმა და ორმა გაშვებულმა გოლმა გამაწბილა. მაგრამ იმის გამო, რომ მოვიგეთ ამ სხვაობით და ვითამაშეთ ისე, როგორც ჩვენ ვითამაშეთ თამაშის უმეტესი ნაწილი, ბედნიერი უნდა ვიყოთ.
ბევრი შეჩერების გამო, პირველი ტაიმი რთული გამოდგა. მაგრამ ჩვენი პრესინგი და მოძრაობა ნამდვილად კარგი იყო. თამაშის ამ ეტაპზე ორი გოლი არ უნდა გაგვეშვა, ამიტომ ამერიკის ნაკრებთან სწორი თამაში დაგვჭირდება და დაცვაში გაცილებით ფრთხილები უნდა ვიყოთ.
თამაშში 24 წუთი იყო შეჩერებული. ორი გაშვებული გოლიც ამის შედეგი იყო, რადგან კონცენტრაცია დავკარგეთ. უფრო ნელი ტემპით ვთამაშობდით, ასეთ დროს კი არც ისე ეფექტურები ვართ. ჩვენი ძალა სისწრაფეშია.
ინგლისის ნაკრებს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მათ დღეს თავი ნამდვილად გამოიჩინეს. ჩვენი ნახევარდაცვა შესანიშნავი იყო, შემტევი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში ირანის დაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“, – განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.
ინგლისი 25 ნოემბერს, პარასკევს შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო სამშაბათს, 29 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში უელსს შეხვდება.