„რეალ მადრიდისა“ და უელსის ნაკრების თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილს“ ინტერვიუ მისცა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლზე, კრიშტიანო რონალდოს გარეშე დარჩენილ „რეალსა“ და ინგლისის პრემიერ-ლიგაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
ბეილის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრით ძალიან გაბრაზებული იყო და ამ გაბრაზებამ დადებითი შედეგი გამოიღო.
„კარგ ფორმაში ვიყავი, გოლებიც გამქონდა და ამიტომ გავბრაზდი. რთული იყო ემოციების მოთოკვა. ვფიქრობ, სწორედ ამ გაბრაზებამ შემამზადა გოლისთვის, რომელიც გავიტანე“, – ამბობს ბეილი.
ჟურნალისტმა მას რონალდოს წასვლაზეც ჰკითხა, რაზეც უელსელმა უპასუხა, რომ კრიშტიანოს გარეშე „რეალში“ გუნდური სული მოიმატებს:
„რა თქმა უნდა, სულ სხვაა, როცა ასეთი ვარსკვლავი გყავს გუნდში, მაგრამ ვფიქრობ, დადებითისკენ შეიცვლება ვითარება და უფრო გუნდურად ვითამაშებთ“.
ინგლისის პრემიერ-ლიგაში დაბრუნებას რაც შეეხება, ბეილი ამ შესაძლებლობას არც თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
„პრემიერ-ლიგა? რატომაც არა? მომავალში ყველაფერია შესაძლებელი, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ადამიანს ყოველთვის მიგიწევს გული იქ, სადაც თამაშს იწყებდი. თუმცა, ჯერ-ჯერობით ამას არ ვაპირებ, რადგან მსოფლიოს საუკეთესი გუნდში ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ“, – ამბობს ბეილი.