გარეტ ბეილი ირანთან უელსის მარცხის შემდეგ - განადგურებული ვარ #1TVSPORT
უელსის ნაკრების კაპიტანი გარეტ ბეილი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა ირანთან მატჩის შედეგით, რომელშიც მისი გუნდი 0:2 დამარცხდა, რადგან უელსელებმა კატარში მერვედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს.
„განადგურებული ვარ. სხვა სიტყვით ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ვერ გადმოვცემ. ბოლომდე ვიბრძოდით. ძნელია, გადაყლაპო ის, რაც მოხდა, მაგრამ გონს უნდა მოვიდეთ და კიდევ ერთი შეხვედრა ვითამაშოთ“, – განაცხადა უელსის ნაკრების ლიდერმა.
33 წლის ბეილს ასევე ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა ეს მარცხი გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ამბიციების დასასრულს:
„ჩვენ, ყველანი, იმედგაცრუებული ვართ. ახლა უნდა გავერთიანდეთ. ეს რთული იქნება, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ“.
„ლოს ანჯელესის“ ფეხბურთელის თქმით, გუნდზე უარყოფითად მეკარის გაძევებამ იმოქმედა:
„წითელმა ბარათმა მთლიანად შეცვალა თამაში. ერთი გოლი გავუშვით და მეორეს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ბოლო ტურის წინ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი ბედი სხვა თამაშზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ვნახოთ. ძალებს აღვიდგენთ და შედეგის მიღწევას მაინც შევეცდებით“.
უელსი მომდევნო მატჩს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 29 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.