გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის, ბესო შუბითიძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ, მდინარე ალაზანზე მოხდა. ბესო შუბითიძეს გეგმური შემოწმების დროს გასაბერ ნავში მყოფმა ორმა ნიღბიანმა ესროლა, რაზეც შუბითიძემ საპასუხო გასროლა განახორციელა.

ერთმა ნიღბიანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა მიმალვა მოახერხა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია“ მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მეორე თავდამსხმელიც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.