„გარეჯმა“ „დინამო 2“-ს ლიდერობა წაართვა, „ლოკომოტივმა“ პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში ლიდერი შეცვალა.
გარეჯი – დინამო-2 თბ 1 : 0
საგარეჯოს „გარეჯმა“ გათამაშების ლიდერს, „დინამო თბილისი 2“-ს უმასპინძლა და პირველობა წაართვა. პაპუნა ფონიავას (24-ე წუთზე) და ლაშა უგრეხელიძის (72-ეზე) გოლებს თბილისელებმა მხოლოდ ლაშა ოდიშარიას ზუსტი დარტყმით უპასუხეს და სეზონში პირველი მარცხი განიცადეს.
ლოკომოტივი – მერანი მრ 1 : 0
მარტვილელები 43-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ – მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისთვის ლუკა ელბაქიძე გააძევეს. ამით „ლოკომოტივმა“ მეორე ნახევარში ისარგებლა. „მერანის“ კარი 65-ე წუთზე ვანო შერმადინმა აიღო. სტუმრებს ბოლო წამებზე (90+3) ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ლევან წოწონავამ პენალტი ვერ გამოიყენა და „ლოკომოტივმა“ სეზონში პირველი მატჩი მოიგო.
ვიტ ჯორჯია – სიონი 0:2
ბოლნისელები პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ. ანგარიში ირაკლი ჯანჯღავამ (26-ე წუთზე) გახსნა, ხოლო გოჩა ცირდავამ (34) სტუმრების უპირატესობა გაზარდა. ორივეჯერ საგოლე გადაცემა ივანე ხაბელაშვილმა შეასრულა. მასპინძლები 78-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებით მოედნის დატოვება ნიკოლოზ აბულაძეს მოუხდა, მაგრამ „სიონმა“ უპირატესობა შეინარჩუნა.
სპაერი – კოლხეთი ხობი 1:0
მასპინძლებმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნეს. მეტოქის კარი გურამ ლუკავამ აიღო და როგორც გაირკვა, „სპაერს“ გამარჯვება მოუტანა და მეორე ადგილზე დააწინაურა.