„გარეჯმა“ ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა - გუნდს მწვრთნელთა დუეტი უხელმძღვანელებს, კლიმიაშვილი სპორტული დირექტორი გახდა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „გარეჯი 1960“-მა მოსამზადებელი ეტაპის მორიგი მატჩი ტყიბულის „მეშახტესთან“ გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
„გარეჯმა“ შეხვედრა საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარა. ანგარიში ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნიკა გალახვარიძემ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. „გარეჯის“ სპორტულ დირექტორად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ირაკლი კლიმიაშვილი დაინიშნა.
შეიცვალა მთავარი მწვრთნელიც. „გარეჯი“ უკრაინელმა სპეციალისტმა, დენის ხამუტოვმა დატოვა და მის ნაცვლად გუნდს ნესტორ მუმლაძისა და თემურ ბარამიძის დუეტი უხელმძღვანელებს.
გამოცდილი სპეციალისტი მუმლაძე წლების განმავლობაში „დინამო თბილისსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“ მუშაობდა, ბოლოს კი „გარეჯის“ სპორტული დირექტორი იყო. თემურ ბარამიძე „თბილისის“ ფეხბურთელი იყო, მწვრთნელად კი „დიდუბეში“ მუშაობდა.