„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე იტალიელების რეაქციას ყველა გავეცანით და აღარ გვიკვირს. ახლა გთავაზობთ პოპულარული ინგლისური გამოცემა „გარდიანის“ წერილს, რომლის შინაარსზეც სათაურიც მეტყველებს – „კვარადონამ“ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ცუდი ზაფხულის შემდეგ, ოცნების საშუალება მისცა.
„ნაპოლიში“ უკვე ხვიჩა კვარაცხელიას დიეგო მარადონას ადარებენ. გუნდიდან რამდენიმე დიდი მოთამაშე წავიდა, მაგრამ ქართველი თავდამსხმელის გოლები „ნაპოლის“ ცხრილში დაწინაურებაში დაეხმარა.
მათ შეწყვიტეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარმოთქვან ხვიჩა კვარაცხელიას სახელი. როდესაც აპრილში გამოცხადდა ფეხბურთელის „ნაპოლიში“ გადასვლა, აურელიო დე ლაურენტისს რჩევა სთხოვეს.
„რამეს მოვიფიქრებ და დავარქმევთ. შეიძლება „ზიზი“ დავუძახოთ, ცუდი ესეც არ იქნება“, – უპასუხა კლუბის პრეზიდენტმა.
მალე „კვარა“ გახდა მისაღები. თუმცა, სერია A-ში ორი მატჩის შემდეგ მას ახალი მეტსახელი მიენიჭა. ნეაპოლის ესპანური კვარტალის ხეივნებიდან დაწყებული, გაზეთების სათაურებით დამთავრებული, ქართველს ორშაბათს უკვე ესალმებოდნენ როგორც „კვარადონას“.
შესაძლოა, ერთმა ან ორმა ოპტიმისტმა აიტაცა ეს სახელი მის მოსვლამდე, ენდობოდნენ რა წინასწარ ინფორმაციებს და „თავხედი“ ახალგაზრდა დრიბლიორის ჩამოსვლას აანონსებდნენ. მისმა თანაგუნდელმა ზურიკო დავითაშვილმა კვარაცხელიას „ქართველი მესი“ უწოდა.
თუმცა, უმეტესობა ეჭვობდა, რომ 21 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ უდიდესი მოთამაშის ტოლფასი ყოფილიყო. მათ მტკიცებულებების საკუთარი თვალით ნახვა სურდათ. ნეაპოლიტანელთა დაახლოებით 1000 კაციანმა ჯგუფმა ეს „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში ნახა. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ პირველი გოლი გაიტანა, პირველ ტაიმში თავური დარტყმით გაათანაბრა. შესვენების შემდეგ კი პიოტრ ჟელინსკი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში გახადა 3:2. ეს იყო საოცრად თავდაჯერებული პასი მოთამაშისგან, რომელიც უკვე გამართული მანქანის სრულად ინტეგრირებულ კომპონენტს ჰგავდა.
როგორ შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ „ნაპოლის“ მძიმედ არ გადაეტანა გარდამავალი სეზონი ლორენცო ინსინიეს, კალიდუ კულიბალისა და დრის მერტენსის გარეშე – მათი კაპიტანის, ვიცე-კაპიტანისა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წასვლის შემდეგ?
მთელი ზაფხულის განმავლობაში, გულშემატკივრები აპროტესტებდნენ იმას, რომ მათ შემცვლელებად არასაკმარისი დონის ახალწვეულები დაიმატეს. „ნაპოლის“ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის, დიმაროს საწვრთნელ შეკრებაზე ვარჯიში შეაწყვეტინა მამაკაცმა, რომელიც ყვიროდა – „გაიღვიძე!“.
დე ლაურენტისსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა. სხვადასხვა დროს მან გააღიზიანა სხვადასხვა ჯგუფები უცნაური პრეტენზიებით – ერთხელ მან თქვა, რომ ნეაპოლიტანელებს არ შეუძლიათ პიცის დამზადება. გააოცა ხალხი ბილეთების მაღალი ფასებით, მაგრამ ყველაზე მტრულად განწყობილი იყვნენ ისინი, ვინც თვლიდა, რომ მას უფრო აინტერესებს ოჯახის გამდიდრება, ვიდრე მოგება, თასები ან საკლუბო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
სხვა თვალსაზრისით, ასეთი კრიტიკა შეიძლება აბსურდულად ჩანდეს. დე ლაურენტისმა 2004 წელს გაკოტრებული „ნაპოლი“ მგომარეობიდან გამოიყვანა. მისი მეთაურობით, გუნდი სამ წელიწადში დაბრუნდა სერია A-ში და მას შემდეგ სამჯერ მოიგო იტალიის თასი, ასევე ბოლო 12 სეზონიდან რვაში სერია A სამეულში დაასრულა.
მაგრამ სურათს ართულებს მისი ოჯახის ინვესტიცია მეორე იტალიურ კლუბში. დე ლაურენტისის მედიაკომპანია Filmauro-მ 2018 წელს დაასრულა კიდევ ერთი დაღუპული გიგანტის, „ბარის“ ხელში ჩაგდების პროცესი. მისი ვაჟის, ლუიჯი დე ლაურენტისის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, გუნდი უკვე დაწინაურდა სერია B-ში.
ახალი წესები მიზნად ისახავს აიკრძალოს ორი კლუბის ერთდროული მფლობელობა. გასულ სეზონში „სალერნიტანას“, რომელიც „ლაციოს“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს თანამფლობელია, სერია A-ში დაწინაურებით გამოწვეული ქაოსი იყო აშკარა ილუსტრაცია იმისა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა შეთანხმებებმა. თუმცა, Filmauro-მ წარმატებით გაასაჩივრა და საშუალება მიეცა ფლობდეს „ნაპოლის“ და „ბარის“ 2028 წლამდე – სანამ ისინი ერთ დივიზიონში არ იქნებიან.
სანამ ინსინიემ, კულიბალიმ და მერტენსმა ჩანთები ჩაალაგეს, გულშემატკივრებისთვის ადვილი იყო იმის დაჯერება, რომ მათ კლუბს უგულებელყოფდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელდა ჰეშთეგი #A16, რომელიც მიუთითებს ნეაპოლისა და ბარის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე. მათ სურდათ, რომ დე ლაურენტისი წასულიყო და აღარ დაბრუნებულიყო.
მაგრამ სეზონი რამდენიმე ახალწვეულით დაიწყო. კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელი არ იყო, რომელმაც „ვერონასთან“ გამარჯვებაში შთაბეჭდილება მოახდინა, ვიქტორ ოსიმენმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, ნახევარდაცვაში კი სტანისლავ ლობოტკა დომინირებდა. კიდევ ერთ ახალწვეულს, კიმს ცენტრალური მცველის პოზიციაზე სოლიდური დებიუტი ჰქონდა.
„ნაპოლიმ“ ბევრი მოთამაშე დაიმატა: 22 წლის იტალიელი თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი „სასუოლოდან“, „ტოტენჰემიდან“ ტანგი ნდომბელე და ჯოვანი სიმეონე, რომელმაც გასულ სეზონზე „ვერონაში“ 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოულოდნელად, სპალეტის შეტევაში დიდი შესაძლებლობა გაუჩნდა.
კვირას „მონცაში“ სპალეტიმ გადაწყვიტა ეთამაშა იმ ბირთვით, რომელთანაც მუშაობდა წინასეზონის განმავლობაში. ეს ნიშნავდა ძირითადში ისევ კვარაცხელიას გამოჩენას, რომელმაც თავისი პირველი გამოსვლა დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე ორი გოლით დაასრულა.
მისი პირველი დარტყმა შეიძლება პატივისცემის გამოხატულება იყოს იმ კაცისადმი, რომელიც მან შეცვალა „ნაპოლის“ შეტევის მარცხენა მხარეს. ფლანგიდან შევარდნილმა კვარაცხელიამ დაარტყა ისე, ადგილობრივ დიალექტზე „ტირაგირს“ რომ უწოდებენ – ზედა მარჯვენა კუთხეში, ისევე, როგორც ინსინიე საფირმო დარტყმისას აკეთებდა. თუმცა, იტალიელსაც კი არ დაურტყამს ბევრი დარტყმა ასე კარგად, ბურთი შეუჩერებელი ტრაექტორიით კარის ჩარჩოდან ბადეში გაფრინდა. ეს იყო მატჩის პირველი გოლი. კვარაცხელიამ მეორე გასროლაზე აჩვენა თავისი ფინტი.
ორ მატჩში კვარაცხელიამ შესანიშნავი ჰეთ-თრიკი შეასრულა – ერთი გოლი თავით და თითო-თითო გოლი ორივე ფეხით. ცუდი არ არის ფეხბურთელისთვის, რომელიც მოკრძალებული 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოვიდა. ეს არის „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის კრიშტიანო ჯუნტოლის მუშაობის დასტური, რომელიც ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკებას აპრილში მტკიცედ დათანხმდა. კვარაცხელია ქართულ კლუბს ერთი თვით ადრე შეუერთდა და ყაზანის „რუბინი“ დატოვა მას შემდეგ, რაც ფიფა-მ რუსეთში უცხოელ ფეხბურთელებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა.
სპალეტის მიაჩნია, რომ კვარაცხელიას ბევრად მეტის ჩვენება შეუძლია.
„ის ჯერ კიდევ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და როდესაც ამ წნეხისგან გათავისუფლდება, ის ხალხს დაანახებს, როგორი ფეხბურთელია. დღეს კიდევ რამდენჯერმე იყო, როცა ბურთი ეჭირა და საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა“.
საშინელი საფრთხეა მეტოქის მცველებისთვის – „ნაპოლიმ“ ორ თამაშში 9 გოლი გაიტანა და სპალეტიმ ივარაუდა, რომ რასპადორის და სიმეონეს პირველ გუნდში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევთ.
არც „ვერონას“ და არც „მონცას“ არ გაუწევიათ დიდი წინააღმდეგობა და გუნდს წინ უფრო რთული გამოცდები ელის. „ნაპოლიმ“ გასული სეზონი ზედიზედ რვა მოგებით დაიწყო, სანამ „ინტერნაციონალთან“ დამარცხდა.
თუმცა, აჟიოტაჟი და მოლოდინი, რომ ამ გუნდისგან მეტს ვნახავთ, რეალურია. „კვარადონამ“ გაითქვა სახელი ლიგაში და კიმმაც გაიტანა.
„ჩვენ სწორ გზაზე ვართ. უბრალოდ, ასევე უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა სპალეტიმ.“