„გარდიანი“ - ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება
„გარდიანი“ - ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება. „გარდიანის“ ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მიიღებს.

გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღებას იოლად ვეღარ შეძლებენ, გაიზრდება სავიზო მოსაკრებელიც.

როგორც „გარდიანი“ წერს, ეს ნაბიჯი მიმართულია რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის შეზღუდვისკენ, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მოითხოვს. როგორც ევროგაერთიანებაში განაცხადეს, „ევროკავშირმა უნდა მიმართოს რუსეთის მოქალაქეებს მკაფიო გზავნილით, რომ ომი მიუღებელია“.

„გარდიანის“ ცნობით, წლის ბოლომდე ევროკავშირი, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 30 აგვისტოს, პრაღაში იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეჩერების მომხრეა. მათ შორისაა ფინეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. თუმცა, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი, ამ ინიციატივას არ ეთანხმებიან.