შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.