გარდაბანში გუნდი აღადგინეს - მას ეგვიპტელები დაეხმარებიან
გარდაბანში გუნდი აღადგინეს - მას ეგვიპტელები დაეხმარებიან

საფეხბურთო კლუბი „გარდაბანი“, რომელიც 2019 წელს დაიშალა, აღადგინეს და ქართულ ფეხბურთს უბრუნდება – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავცელებს.

„2018 წლის ლიგა 3-ის 20-გუნდიან ჩემპიონატში „გარდაბანმა“ სატურნირო ცხრილში მე-17 საფეხური დაიკავა, რაც ლიგის დატოვების ტოლფასი იყო. გუნდს მომავალი სეზონი ლიგა-4-ში უნდა დაეწყო, მაგრამ იქ აღარ გამოსულა. ორწლიანი პაუზის შემდეგ „გარდაბანი“ ქართულ ფეხბურთს უბრუნდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობილი გახდა, რომ გუნდი უცხოელმა ინვესტორებმა აღადგინეს: „გუნდის ახალი პრეზიდენტი ეგვიპტელი აჰმად საად იმამი იქნება, ხოლო ერთ-ერთი სპონსორი ჰუსენ სანტოსი. გეგმაშია მთავარი გუნდის, სამოყვარულო გუნდის და საბავშვო აკადემიის აღორძინება“.

„გარდაბნის“ პრეს-სამსახურის ცნობით, გეგმაში ინფრასტრუქტურის განახლებაცაა: „სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სტადიონს, სადაც „გარდაბანი“ საშინაო შეხვედრებს გამართავს. გუნდს მომავალი გეგმების განხორციელებისა და სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აქტიურ მხარდაჭერას გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჰპირდებიან“.

ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტიდან გამომდინარე „გარდაბანს“ ასპარეზობის დაწყება რეგიონალური ლიგიდან მოუწევს.