განსაკუთრებული ოვაციები კვარაცხელიას - „ნაპოლიმ“ ახალწვეულები წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ სერია C-ს „იუვე სტაბიასთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომლის დაწყებამდეც გუნდის ახალწვეულები წარადგინეს – მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია იყო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გამოჩენას „ტიფოზების“ განსაკუთრებული ემოცია მოყვა.
„მუდამ წინ, ნაპოლი“,- მიმართა გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის სიტყვებზეც ტრიბუნებს ემოციებმა კიდევ ერთხელ გადაუარა.
ლუჩანო სპალეტის სურდა თამაშში ეხილა გუნდის ის ფეხბურთელები, რომლებიც ცოტას ან ნაკლებად თამაშობენ და წარედგინა ახალწვეულები, რომლებიც გუნდში ახლახანს ჩაირიცხნენ – ნდომბელე, რასპადორი, სიმეონე და სირიგა. კვარაცხელიამ კი დაისვენა.
რაც შეეხება საკონტროლო შეხვედრას, „ნაპოლის“ „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგობის დაძლევა პირველ ტაიმში გაუჭირდა, მეორე ნახევარში კი სამი გოლი გაიტანა და 3:0 მოიგო. გოლები ნდომბელემ (57), ამბროზინომ (81) და ზერბინიმ (90) გაიტანეს.