განახლებულმა „თელავმა“ მოსამზადებელი ეტაპი სომხეთში საკონტროლო მატჩით დაასრულა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელი ეტაპი სომხეთში დაასრულა – გიორგი მიქაძის გუნდი ქალაქ გიუმრიში „შირაქს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. თელაველთაგან ბურთი ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა.
„თელავმა“ საშემოდგომო ეტაპისთვის მზადება 19 ივნისს რადიკალურად შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო – გუნდი 14 ფეხბურთელს დაემშვიდობა და 13 ახალწვეული ჰყავს.
მოსამზადებელი შეკრების დროს „თელავმა“ რამდენიმე ტესტმატჩი ჩაატარა – ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა, სომხეთის ვიცე-ჩემპიონთან, ერევნის „პიუნიკთან“ 0:0 ითამაშა, ხოლო თბილისის „ლოკომოტივი“ ორჯერ დაამარცხა – 4:3 და 2:1.
თელაველები პირველ ოფიციალურ შეხვედრას დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალში 22 ივლისს „ვიტ ჯორჯიასთან“ თბილისში, გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართავენ.
ეროვნულ ლიგაში კი სეზონს 5 აგვისტოს, მე-19 ტურის შეხვედრით განაახლებენ, რომელსაც „სამტრედიასთან“ სტუმრად „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართავენ.