რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ტრეიდების შედეგად, განახლებულმა კლივლენდ „კავალიერსმა“, პირველ შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია. დუეინ უეიდის, დერეკ როუზის, აიზია ტომასის, იმან შამპერტის და ჯაე კრაუდერის წასვლის შედმეგ, კავალიერსის ძირითადი ხუთეული ლებრონ ჯეიმსის გარშემო ჯეი არ სმიტმა, ჩედი ოსმანმა, ტრისტან ტომპსონმა და ჯორჯ ჰილმა შეავსეს. სათადარიგო სკამიდან როდნი ჰუდი, ჯორდან კლარკსონი და ლარი ნენსი ჩაერთვნენ თამაშში. საგრძნობლად გადახალისებულმა და შეცვლილმა გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი ბოსტონ „სელტიქსი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა. „თი დი გარდენში“ ჩატარებული მატჩი სტუმართა დომინაციით და უპირატესობით წარიმართა. კლივლენდმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე თამაშის მეორე და მესამე მეოთხედები ჩაატარა. დასკვნითი 12 წუთიანი მონაკვეთის წინ შეხვედრას ინტრიგა თითქმის აღარ ჰქონდა. საბოლოოდ ტაირონ ლიუს გუნდმა 121-99 გაანადგურა მეტოქე. ლებრონმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. „მეფემ“ 24 ქულა 10 პასი და 8 მოხსნა გააკეთა. ახალწვეულებიდან როდნი ჰუდი და ჯორჯ ჰილი გამოირჩნენ, შესაბამისად 15 და 12 ქულით. ბოსტონელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ტერი როზირს ჰქონდა, რომელმაც 21 ქულა მოიპოვა. კაირი ირვინგის ანგარიშზე 18 ქულა დაფიქსირდა.
სხვა შედეგები:
შარლოტი-ტორონტო 103-123
ატლანტა-დეტროიტი 118-115
ოკლაჰომა-მემფისი 110-92
პორტლენდი-იუტა 96-115
ჰიუსტონი-დალასი 104-97
ინდიანა-ნიუ იორკი 121-113
მინესოტა-საკრამენტო 111-106