განახლებული სტადიონი და ახალი პროექტი მასობრიობისთვის - უეფა-ს საფეხბურთო კვირეული სამეგრელში დასრულდა
განახლებული სტადიონი და ახალი პროექტი მასობრიობისთვის - უეფა-ს საფეხბურთო კვირეული სამეგრელში დასრულდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში ესტუმრნენ.

ორივე სოფელში რეაბილიტაციის პროექტით სრულად განახლდა მოედანი, სტადიონები და მისი ინფრასტრუქტურა, რაც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

ამავე დროს, ფეხბურთის ფედერაციამ სამოყვარულო ფეხბურთის გუნდების განვითარების ახალ პროექტი დაანონსა – მიზანი სამოყვარულო კლუბების განვითარების ხელშეწყობაა. ამ პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ სოფელ ხეთას სამოყვარულო ფეხბურთის გუნდს საფეხბურთო ინვენტარი და ფორმები გადასცა და კლუბს განვითარებაში სხვადასხვა ფორმით დაეხმარება.

ხეთასა და საჩინოში გამართულ ღონისძიებებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა მონაწილეობდნენ. განახლებულ მოედნებზე ამხანაგური მატჩები გაიმართა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ხეთას და საჩინოს სამოყვარულო გუნდებს დაუპირისპირდა. გარდა ამისა, ღია სახალისო საფეხბურთო სკოლის ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც 60-მდე ბავშვი იყო ჩართული.

​აღნიშნული ღონისძიებებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაასრულა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.