განახლებული „გარეჯი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება #1TVSPORT
განახლებული „გარეჯი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება #1TVSPORT

საგარეჯოს „გარეჯმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგურ მატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და 1:2 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები ნიკა ხუციშვილმა და გიორგი იაკობიძემ გაიტანეს, ხოლო საგარეჯოელებიდან – გუნდის ახალწვეულმა მუსტაფა კამატემ.

10 თებერვალს საგარეჯოს „გარეჯი 1960“ თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა. გუნდი პირველ სპარინგ-მატჩს პოლონურ „ვიძევთან“ გამართავს, შემდეგ მატჩს კი – უზბეკურ სამარყანდის „დინამოსთან“. გუნდი სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.

თურქეთში გუნდი საგრძნობლად სახეშეცვლილი შემადგენლობით მიემგზავრება. კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ მეკარე ბოგდან ბეზკროვნი, მცველები – გიორგი ტყეშელაშვილი, ბიჭიკო გედენიძე, ნახევარმცველები – ლაშა ლეჟავა, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ვაჟა ქიქავა, ფორვარდები – გიორგი ენუქიძე და გიორგი ტყეშელაშვილი.

მათ ნაცვლად „გარეჯი 1960-მა“ კარგი შევსება მიიღო. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ბევრი ახალწვეული დაიმატა: მეკარეები – სოსო ქარდავა და დავით კუპატაძე. გუნდში ორი ახალი ცენტრალური მცველია – გიორგი კალანდია და ახალგაზრდა ნიგერიელი ოდუდუვა მომო ანუანუაპუ. აღსანიშნავია, რომ გუნდის ღირსებას დაიცავენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის კარგად ნაცნობი გამოცდილი ნახევარმცველები – ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი ქავთარაძე. თავდასხმაში კი „გარეჯს“ დაეხმარებიან კოტ-დივუარელი მუსტაფა კამატე და დავით ებრალიძე.