განახლებული ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ცნობილია #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რა ფორმატით ჩატარდება ახალი სეზონიდან უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, რომელშიც საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულიც ითამაშებს.
მნიშვნელოვანი სიახლე უეფა-ს აღმასკომზე დაამტკიცეს, რომელიც ნიონში გაიმართა. 2024/25 წლების სეზონიდან, ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასული კლუბების 19-წლამდე გუნდების გარდა, ტურნირში უეფა-ს ყველა ასოციაციის ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას.
მნიშვნელოვანია, რომ ეს წინადადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნოდა. აქამდე, ტურნირში უეფა-ს საკლუბო რეიტინგის საუკეთესო 32 ასოციაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის გამო, საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონმა ტურნირზე მხოლოდ რამდენჯერმე ითამაშა.
ჩემპიონთა გზა სამი ორრაუნდიანი დაპირისპირებისგან შედგება. მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების წარმომადგენელი კლუბები ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებენ. სამი რაუნდის დასრულების შემდეგ, 1/16-ფინალური სტადიიდან გაიმართება ერთმატჩიანი პლეი ოფი, რომლის შედეგადაც ტურნირის ფინალურ სტადიაზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.