გამწარებული დვალი მოედანს ხელს ურტყამდა - „ფერენცვაროშის“ ქართველი ლეგიონერი ნაკრების მატჩებამდე დაშავდა
ერთა ლიგის მეორე გათამაშების მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრების განაცხადში, შესაძლოა, მეორე იძულებითი ცვლილებაც მოხდეს – საქმე ისაა, რომ უნგრეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ლაშა დვალი დაშავდა.
მე-3 ტურის მატჩში ქართველი მცველის გუნდი „ფერენცვაროში“ სტუმრად „ზალაეგერშეგს“ შეხვდა და 2:1 მოუგო. 25 წლის ქართველი ლეგიონერი ბუდაპეშტელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. მაგრამ 33-ე წუთზე მოულოდნელად მოედანზე წაიქცა – ტრავმით გამწარებული დვალი მოედანს ხელებს ურტყამდა, მაგრამ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, ჯერ უცნობია.
დვალი ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან (5 სექტემბერი) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (8 სექტემბერი) მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს ჯიმი ტაბიძეც ტრავმის გამო გამოტოვებს. ვლადიმირ ვაისმა მის ნაცვლად შეკრებაზე „დინამოს“ მცველი დავით კობოური მიიწვია.