გამოქვეყნდა ფაქსი, რომელშიც ლიონელ მესი „ბარსელონას“ გაშვებას თხოვს
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა იმ ფაქსის ფოტო, რომელიც „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ კლუბს გაუგზავნა და რომელშიც ის გუნდიდან გაშვებას ითხოვს.
„აღნიშნულ წერილთან შესაბამისად, მე, ლიონელ ანდრეს მესი, გთხოვთ გააუქმოთ შრომითი ხელშეკრულება. ვიყენებ 24-ე პუნქტს, რომელიც საშუალებას მაძლევს ამ უფლებით ვისარგებლო.
მე ვაფასებ პირადი ზრდისა და პროფესიული მომზადების ყველა შესაძლებლობას, რომელიც სამუშაო დროის განმავლობაში მომცეს. მაგრამ, პირადმა მოტივებმა მაიძულეს მიმეღო ეს რთული გადაწყვეტილება, რომელსაც, იმედია, ხელმძღვანელობა გაგებით შეხვდება“, – წერია წერილში.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დაადასტურა ინფორმაცია – კლუბმა ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო – არგენტინელმა კატალონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ამის შემდეგ გაიმართა „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრება და კლუბის ხელმძღვანელობამ პასუხი გაუგზავნა არგენტინელს. კლუბის ბოსებმა გამოაცხადეს, რომ არ გაწყვეტენ კონტრაქტის 33 წლის კაპიტანთან და სურთ, რომ ის გუნდში დარჩეს და კარიერა კატალონიაში დაასრულოს.