გამოკითხვა ესპანურ პრესაში - მესი საუკეთესოა, ვალვერდე ერთ შანსსაც იმსახურებს
ესპანური გაზეთი „მარკა“ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის გამოკითხვას ატარებს და „ბარსელონას“ თითოეული ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას ოთხი კრიტერიუმით თხოვს – შესანიშნავი, კარგი, დამაკმაყოფილებელი და ცუდი.
ამ წუთისთვის საკუთარი აზრი 50 000-მდე ადამიანმა გამოთქვა და მათი უმეტესობა საუკეთესო შეფასებას ლიონელ მესის აძლევს. არგენტინელის თამაშს „შესანიშნავს“ გამოკითხულთა 71% უწოდებს. შემდეგ მოდიან მეკარე ტერ შტეგენი – 55% და მცველი ხერარდ პიკე – 39%.
უარყოფით შეფასებებში ყველაზე მაღალი შედეგი ორ ფეხბურთელს აქვს. ესენი არიან ჯეისონ მურილიო და ფილიპე კოუტინიო, რომელთა თამაში ცუდად გამოკითხულთა 82 პროცენტმა შეაფასა, მესამე ადგილზე კი სამუელ უმტიტი გავიდა 63 პროცენტით.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს, „მარკას“ მკითხველთა 41% მის მოღვაწეობას ცუდად აფასებს, 37% – დამაკმაყოფილებლად, 13% – კარგად და მხოლოდ 9% – შესანიშნავად. მიუხედავად ამისა, 57% მიიჩნევს, რომ ვალვერდე გუნდის მთავარ მწვრთნელად მომავალ სეზონშიც უნდა დაერჩეს.
შეგახსენებთ, რომ წელს „ბარსელობამ“ მხოლოდ ერთი ტიტულის მოგება შეძლო და ეს ესპანეთის ჩეპიონობა იყო. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ნახევარფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდა, ხოლოდ ესპანეთის სამეფო თასი ფინალში დათმო „ვალენსიასთან“.