გამოცემა „სპორტ24“ - ხვიჩა „დორტმუნდის“ შეთავაზებას ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს
გამოცემა „სპორტ24“-მა რუსეთის პრემიერლიგის იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომელთა მიმართაც ყველაზე დიდი ინტერესია და რომელთა ტრანსფერებიც ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ განმავლობაში მოსალოდნელია. ამ სიაში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
„სად შეიძლება წავიდეს ხვიჩა კვარაცხელია – სავარაუდო გუნდებია დორტმუნდის „ბორუსია“, „სასუოლო“, „უდინეზე“, „ტორინო“. ოქტომბერში გამოცემა „ჩემპიონატმა“ წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დორტმუნდის „ბორუსიაში“ ხვიჩას მიმართ არსებითი ინტერესი გააჩნიათ. მას პირველად არ აკვირდებიან, მაგრამ ამჯერად ვსაუბრობთ ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები გადასვლის საკითხს ზამთარში განიხილავენ. თუმცა, კონსულტაციები ერთ თვეზე მეტი ხანია, რაც მიმდინარეობს“, – წერს „სპორტ24“.
ავტორი დარწმუნებულია, რომ ეს ქართველსითვის სასურველი ვარიანტია:
„კვარაცხელიასთვის „ბორუსია“ იდეალურ ვარიანტად გამოიყურება, როგორც ჩანს, მწვრთნელებმა, რომლებიც „სიგნალ იდუნა პარკში“ მუშაობენ, ახალგაზრდების მზა ვარსკვლავად გადასაქცევად მომგებიანი ფორმულა მოიფიქრეს. ჯეიდონ სანჩოს, აშრაფ ჰაქიმისა და ერლინ ჰოლანდის მაგალითები ამას ადასტურებს. ხვიჩა „დორტმუნდის“ შეთავაზებას ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს, თუ წინადადება ნამდვილად ექნება. დორტმუნდის „ბორუსიას“ გარდა, ქართველი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სერია A-ს რამდენიმე კლუბი იჩენს: „სასულო“, „უდინზე“ და „ტორინო“. ასე რომ, ქართველს არჩევანი ექნება“.