გამოცემა „რელევო“ - „ლივერპულის“ წინადადება უცნაურია და საეჭვოა, მამარდაშვილი დათანხმდეს #1TVSPORT
„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის შესაძენად გეგმა შეადგინა, რომლის მიხედვითაც, მერსისაიდელები „ვალენსიის“ ქართველ მეკარეს შეიძენენ და შემდეგ იჯარით პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვებენ – ამის შესახებ სტატიას გამოცემა „რელევო“ აქვეყნებს.
„„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის შეძენას და პრემიერლიგის გუნდში იჯარით გაშვების გეგმავს. „ვალენსიის“ ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ მეკარეს ზაფხულში დაემშვიდობებოდა. „ღამურებმა“ მის შემცვლელად სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატეს, მაგრამ ვითარება შეიცვალა და ისეთი პირი უჩანს, რომ მამარდაშვილი „მესტალიაზე“ კიდევ ერთი წელი დარჩება.
თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარის მიმართ ინტერესი „ლივერპულს“ გაუჩნდა და მის შეძენას დაახლოებით 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს – აღსანიშნავია, რომ ეს „ვალენსიის“ მოთხოვნაზე, მინიმუმ, 5-10 მილიონი ევროთი ნაკლებია.
„ვალენსიასთან“ მოლაპარაკების შემთხვევაში „ლივერპული“ მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ვერ ჰპირდება და ალისონ ბეკერის გუნდიდან წასვლამდე პრემიერლიგის სხვა კლუბში იჯარით გაშვებას გეგმავს, რაც გიორგის საშუალებას მისცემს, პრემიერლიგაში თამაშის სტილს შეეგუოს.
„ბორნმუთი“ ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელიც ასევე დაინტერესებულია მამარდაშვილის შეძენით. თუმცა, თუ „ლივერპული“ ტრანსფერს განახორციელებს, შესაძლოა, ერთწლიანი იჯარით სწორედ „ბორნმუთში“ გაუშვას.
ეს საკმაოდ უცნაური წინადადებაა და ნაკლებად სავარაუდოა, მამარდაშვილი ამ გარიგების პერსპექტივაში ბოლომდე დარწმუნებული იყოს. ამ დროისთვის ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ვალენსია“ 30 მილიონი ევროს შეთავაზებას დათანხმდება“, – წერს გამოცემა.